logo
ENG



უსამართლობა, კანონის გათელვა, პოლიტიკური დევნა - ხაზარაძე ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტაზე

15 თებ 202218:20
3 წუთის საკითხავი
 
უსამართლობა, კანონის გათელვა, პოლიტიკური დევნა - ხაზარაძე ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტაზე
ვახო ქარელი

პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის მოხსნას უსამართლობად და კანონის გათელვად აფასებს.

მისი თქმით, ქვეყანას რუსი ოლიგარქი მართავს და ხელისუფლებას პირადი კეთილდღეობის გარდა სხვა მიზანი არ გააჩნია.

"უსამართლობის განცდა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნა, რაც გეუფლება, როცა უყურებ როგორ მოუხსნეს ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი.

სირცხვილია როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება. ქვეყნის უპერსპექტივობა, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია მიზანი და, შესაბამისად, გეგმა. ერთადერთი რაც გამოძრავებთ - არის ძალაუფლება, რათა შეინარჩუნოთ პირადი კეთილდღეობა.

ეს მალე დამთავრდება! ქართველი ხალხი არაა თქვენისთანა ხელისუფლების ღირსი, არაა ასეთი გაჭირვების და უიმედობის ღირსი!

ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ის სიკეთეს ვერ მოიტანს.

ბრძოლა გრძელდება და ის დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით!" - წერს მამუკა ხაზარაძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

პარლამენტმა დღეს სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, პარლამენტი დატოვა ყოფილმა სპიკერმა, კახა კუჭავამ. 

ელენე ხოშტარია მანდატის შეწყვეტას თვითონ ითხოვდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე. 

ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვნლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს. მათი თქმით, დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი.

ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაული ხანდაზმულია, ამიტომ დეპუტატს მანდატი არ უნდა შეუწყდეს. 

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, უმრავლესობამ არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის შეუწყვიტა მანდატი.

საპარლამენტტო ბოიკოტის შემდეგ, 10 თებერვალს ნათელაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, თუმცა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა.


close დახურვა