მოსამართლეების არჩევამდე პარლამენტში უსიამოვნო სუნი დადგა. საკანონმდებლო ორგანო პანიკამ მოიცვა, გამოცხადდა სრული ევაკუაცია. "ქართულმა ოცნებამ" გაურკვეველი ნივთიერების გავრცელებაში საპარლამენტო უმცირესობის ორი დეპუტატი დაადანაშაულა და მეტიც მომხდარს ქიმიური შეტევა უწოდა, დაიწყო გამოძიება.
"ფორმულას" ინფორმაციით, ნივთიერება, რომლის სუნიც დეპუტატებმა იგრძნეს, ამიაკი იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა სამოქალაქო მოძრაობამ - „სირცხვილია“ აიღო, რომელიც პარლამენტის წინ სასამართლო კლანის მმართველობის მხარდაჭერას აპროტესტებდა. სამოქალაქო სექტორმა დღეს ხელისუფლებას უწყინარი საპროტესტო სითხით უთხრა, რომ სისტემა ყარს.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში უსიამოვნო სუნის გამო ტექნიკური შესვენება პლენარული სხდომის დაწყებიდან 1 საათში გამოცხადდა. განცხადება სხდომათა დარბაზში ირაკლი კობახიძემ გააკეთა და დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების გავრცელებაში საპარლამენტო უმცირესობის ორი დეპუტატი დაადანაშაულა.
დარბაზში უსიამოვნო სუნის გამო კი სრული ევაკუაცია გამოცხადდა. პლენარული დარბაზი ჯერ მედიას, შემდეგ კი დეპუტატებს დაატოვებინეს.
დარბაზში დაქცეული ნივთირებისგან, რომელიც "ფორმულას" ინფორმაციით, ამიაკი იყო 4 ადამიანმა მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს აპარატის სამმა თანამშრომელმა და "ქართული ოცნების "დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა თავი ცუდად იგრძნეს. მოწამლულებს პირველადი დახმარება დეპუტატმა ლადო კახაძემ აღმოუჩინა, პარლამენტში სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს.
ქიმიური თავდასხმის კვალიფიკაცია არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავრცელებული უსიამოვნო სუნს მიანიჭა, უმრავლესობის დეპუტატებმა ნივთიერების დარბაზში გავრცელებაში ოპოზიცია ღიად დაადანაშაულეს და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვეს. მმართველი გუნდი "ევროპული საქართველოს" წევრებს ადანაშაულებდა.
მოძრაობა "სირცხვილიამ" განცხადება სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა, სადაც სამოქალაქო სექტორი კლანის მმართველობის მხარდაჭერას აპროტესტებდა, "სირცხვილიას" წევრების განცხადებით, უმრავლესობა უვნებელმა ნივთიერებამ შეაშინა.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში პარლამეტში ექსპერტ კრიმინალისტები მივიდნენ, იატაკზე დასხმულ ნივთიერებას ნიმუშები აუღეს და ექსპერტიზაზე წაიღეს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. პარლამენტში კი სხდომათა დარბაზი გაანიავეს და მოსამართლეებს კენჭი უყარეს. უკვე ხვალიდან შალვა თადუმაძე , გიორგი მიქაუტაძე და კიდევ 12 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.
.