logo
ENG



უსუფაშვილი: შეხვედრა დაიგეგმა შეუფერხებლად, ალბათ, ბატონი გრიგოლი სხვა პროცესზე ამბობდა

13 ნოე 202014:09
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ლიდერი, დავით უსუფაშვილი ფორმულას გადაცემა "კომენტარში" გრიგოლ ვაშაძის განცხადებას აფასებს ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამას საერთო არაფერი ჰქონია აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრის ფორმატთან. უსუფაშვილი ამბობს, ელჩების ფასილიტატორობით გამართულმა მოლაპარაკების მომზადებამ, დაგეგმვამ და პროცესმა შეუფერხებლად ჩაიარა. 

"გრიგოლ ვაშაძის ის ცნობილი განცხადება მკაფიო დემონსტრირებაა იმისა, რომ სწორი ვიყავი, როცა არაფერს არ ვლაპარაკობდი ამ დღეებში.

ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველ სიტყვას, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში," -  თქვა მან.

უსუფაშვილის თქმით, გუშინდელ შეხვედრას საერთო არაფერი ჰქონდა იმ  ჩაშლილ მოლაპარაკებებთან, რაზეც გრიგოლ ვაშაძე საუბრობდა.

"გუშინდელი მოლაპარაკებები დაიგეგმა, მომზადდა და განხორციელდა ყოველგვარი შეფერხების გარეშე. რაიმე ტიპის პრობლემის გარეშე. ალბათ, რაზეც ბატონი გრიგოლი საუბრობდა, რაღაც სხვა პროცესია," - თქვა მან.

გუშინ, 12 ნოემბერს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მონაწილეობთ შეხვედრა გაიმართა. 

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც 31 ოქტომბრის არჩევნებს და მის სადავო შედეგებს მოჰყვა, ეს პირველი მსგავსი ფორმატის შეხვედრა იყო.

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები დადებითად აფასებენ დიალოგის დაწყებას, თუმცა მის სირთულეზე და პოზიციებს შორის დიდ განსხვავებაზე მიუთითებენ. ისინი ამბობენ, რომ მათი სასტარტო პოზიცია უცვლელია.

ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უნდა გამართულიყო, ბოლო მომენტში ჩაიშალა.

რუსთავი 2-თან ინტერვიუს წინ უძღოდა 10 ნოემბრის ორი განცხადება, რომელიც ვაშაძემ წერილობით გაავრცელა. 

პირველ განცხადებაში ენმ - ძალა ერთობაშიას ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განცხადა პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა. 

განცხადებაში ის ამბობდა, რომ აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".

ვაშაძე აქვე აღნიშნავდა, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.

მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თქვა რომ "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს" და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს - მოლაპარაკება მოკავშირეების მედიაციით.


close დახურვა