ფორმულას ინფორმაციით, ერთ-ერთ რეგიონში უფროსებმა თანატოლისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით ორი მოზარდი დააჩოქეს და ბოდიში მოახდევინეს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა, შემდეგ კი ორმა ბიჭმა თავიანთი კლასელი დააჩოქეს და ბოდიშის მოხდა მოსთხვეს. ამის შემდეგ ჩაერთვნენ საქმეში მშობლები.
უფროსების ჩარევით, 12 წლის ბავშვები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააჩოქეს და ბოდიში მოახდევინეს იმ მოსწავლისთვის, რომელსაც მანამდე თავად მიაყენეს შეურაცხყოფა.
ვიდეოში, რომელიც ფორმულამ მოიპოვა, ისმის ქალის ხმა, რომელიც დაჩოქილ ბავშვებს ბოდიშის მოხდას აიძულებს იქვე მდგარი თანატოლისთვის. ამ სცენას მობილური ტელეფონით იღებდა ერთ-ერთი დაჩოქილი ბავშვის მშობელი. ვიდეო სოციალურ ქსელშიც ატვირთეს და მალევე წაიშალა.
ფორმულას ინფორმაციით, საქმეს ადგილობრივი პოლიცია უკვე თვეებია იძიებს.
ასევე, ამ საქმეში ჩაერთო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, რომელთა ინფორმაციით, მათთან მიმართვა გასულ წელს, შსს-დან შევიდა, რის შემდეგაც ჩართეს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.
"გვატყობინებდნენ, რომ არასრულწლოვნებზე განხორციელდა ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ზრუნვის სააგენტოს მხრიდან მყისიერად მოხდა სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა. ფსიქოლოგმა იმუშავა, როგორც ბავშვებთან ასევე ოჯახის წევრებთან. სოციალურმა მუშაკმა იმუშავა სკოლასთან და მანდატურის სამსახურთან. შეფასდა ბავშვების ფსიქო/ემოციური მდგომარეობა და მუშაობა წარიმართა მიზანმიმართულად. ხაზგასასმელია ისიც, რომ მომხდარი ფაქტის გახსენება ბავშვებისთვის იქნება განმეორებითი ძალადობა და მათი ფსიქიკის დარღვევა", - აცხადებენ უწყებაში.