აბანო და ტანსაცმლის სამრეცხაო, რომელიც ლაგოდეხში, სოციალურად დაუცველთა სასადილოს მომხმარებლებისთვის აშენდა, დღემდე უმოქმედოა. პროექტზე 41 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. სატენდერო პირობებით ობიექტები გასული წლის დეკემბერში უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ 90-მდე ადამიანი ისევ დაპირების მოლოდინშია.
სოფელში საერთო აბანოს მშენებლობას არავინ შეწინააღმდეგებია, თუმცა ამბობენ, რომ მათთან კონსულტაციის შემთხვევაში, შეიძლებოდა, სხვა უფრო მნიშვნელოვან პროექტს დათანხმებოდნენ. მერიაში კი, ირწმუნებიან, რომ აბანო სწორედ მოსახლეობის მოთხოვნით ააშენეს. ლაგოდეხის მერის პირველი მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, ობიექტი ექსპლუატაციაში ვერ შევიდა. ჯაფარიძემ არ იცის, კონკრეტულად როდის შეძლებენ სოციალურად დაუცველები მათთვის აშენებული ობიექტით სარგებლობას.
უფასო აბანო არ არის ერთადერთი ობიექტი, რომელზეც ლაგოდეხში დიდი რაოდენობით თანხა დაიხარჯა და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. 9 წლის წინ სკვერთან ახლოს საზოგადოებრივი საპირფარეშოც აშენდა, მასზე 30 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა ობიექტით ადგილობრივები ფაქტობრივად ვერ სარგებლობენ. სიბინძურის გამო, საპირფარეშოში არავინ შედის.
დეტალები იხილეთ ფორმულანიუსის მთავარ გამოშვებაში - 20:00 საათზე.