სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში გამართულ მიღებაზე ქართულ ჯარსა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციის შესახებ არ ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა წლევანდელ 26 მაისს უჩვეულო უწოდა და ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობაში სამხედრო ძალების მნიშვნელობას.
„უჩვეულო 26 მაისია - საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ამ დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია კრიზისული მდგომარეობით. ჩვენი აქ მოსვლით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალები და ძლიერი, შეკრული საზოგადოებაა.
"როცა მიღწეულ წარმატებებზე ვმსჯელობთ, ნათლად ჩანს, რა როლი ითამაშა პროფესიონალიზმმა. სწორედ პროფესიონალიზმმა განაპირობა საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოცხადება და ეს გახდა წარმატების პირველი ნაბიჯი.
"საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და ასე ხელი არ შეეშლება საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საპარლამენტო არჩევნებს. ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ამით და იმით, რომ საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე დადგა. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ქვეყანამ პარტნიორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ისინი ერთხმად აღიარებენ კრიზისის მართვას და ამის შედეგია როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური მხარდაჭერა... ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც სირთულეების ჟამს ერთიანობის იშვიათი უნარი გააჩნია. ერთიანობის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა, დღეს მომავლის რწმენა გვჭირდება და ამ რწმენით დავხვდეთ ყველა გამოწვევას", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ქვეყნის დასავლურ არჩევანზეც და ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ, საქართველოსა და ნატო-ს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას. მან, ასევე, ისაუბრა კულტურისა და ეკოლოგიის წინა პლანზე წამოწევაზეც.
„ჩვენი ხვალინდელი ადგილი ევროპულ ბლოკშია. ამ ვითარებაში აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას იძენს - ამ თვეებში გამოჩნდა, რომ ახალი საფრთხეების წინაშეც დავდექით. ეს მოითხოვს თანამშრომლობის გაფართოებას და ამის მაგალითია ლუგარის ცენტრი. შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად საქართველოსა და ნატო-ს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კულტურას, რომელიც არანაკლებ დაზარალდა პირველ ეტაპზე. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბიომრავალფეროვნებას.