საქართველოს იანვარ-ოქტომბერში 8 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია - ამ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.
2019 წლის ოქტომბერში ქვეყანას 782 670 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის იგივე თვის მაჩვენებელზე 8.8%-ით მეტია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში შემცირდა ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან - 15.2%-ით 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა გაზრდილია ათი თვის ჯამური მონაცემები 2018 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, კერძოდ: იანვარ-ოქტომბერში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობამ 1 324 226 შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.