logo
ENG



ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებმა, შესაძლოა, ხანგრძლივი იმუნიტეტი უზრუნველყოს - ახალი კვლევა

28 ივნ 202118:22
3 წუთის საკითხავი
 
ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებმა, შესაძლოა, ხანგრძლივი იმუნიტეტი უზრუნველყოს - ახალი კვლევა

ფაიზერ/ბიონტეკისა და მოდერნას ვაქცინები, შესაძლებელია, ორგანიზმს კორონავირუსის წინააღმდეგ გრძელვადიანი იმუნიტეტის გამომუშავებაში დაეხმაროს. Forbes-ის თანახმად, ამაზე საუბარია დღეს, 28 ივნისს გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, მათ, ვინც mRNA ტიპის ვაქცინით არის აცრილი, შეიძლება, ე.წ. ბუსტერ (გამაძლიერებელი) დოზა აღარ დასჭირდეთ.

სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ვაქცინებმა ძლიერი იმუნური რეაქცია გამოიწვიეს, რამაც შეიძლება, Covid-19-ის წინააღმდეგ წლობით დაცვა უზრუნველყოს. 

კვლევა, ასევე, აძლიერებს წინა, მაისში გამოქვეყნებულ დასკვნასაც, რომლის თანახმად, ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდინფექცია, შემდეგ კი mRNA ვაქცინის ორივე დოზით აიცრნენ, ყველაზე ძლიერი იმუნური რეაქცია აქვთ ვირუსის მიმართ.

კვლევამ, ასევე აჩვენა, რომ ვაქცინებმა წარმოქმნეს მაღალი დონის გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომლებიც ეფექტიანია კორონავირუსის სამი სხვადასხვა ვარიანტის მიმართ, მათ შორის, "ბეტა" ვარიანტის მიმართ.

კვლევის მასშტაბი მხოლოდ მოდერნასა და ფაიზერის წარმოებული ორი ავტორიზებული ვაქცინით შემოიფარგლებოდა.

ამასთან, ის არ იძლევა ბევრ ინფორმაციას კორონავირუსის "დელტა" (ინდური) ვარიანტის მიმართაც, რომელიც ყველაზე მეტად გადამდები შტამია, სხვებთან შედარებით.

როგორც Forbes წერს, ივნისის დასაწყისში მოდერნას აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბარცელი ახლო მომავალში ე.წ. ბუსტერ დოზის საჭიროებაზე მიუთითებდა, როგორც იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ასევე, ახალი მუტაციებისგან დასაცავადაც.

ამ კვლევის შედეგებით, იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც mRNA ვაქცინით აიცრნენ, სავარაუდოდ, ხანგრძლივი დროით იქნებიან დაცული, თუმცა, ახალი, მეტად გადამდები შტამების გაჩენამ შეიძლება, მაინც შეასუსტოს mRNA ვაქცინების ეფექტიანობა.


close დახურვა