logo
ENG



ფარკასი: ვფიქრობ, სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს

10 აპრ 202413:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/10/9dcxuq86aluahx6.jpg

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასი Accent-თან ინტერვიუში ქართლი ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, აშშ-მა სანქციები დააწესოს.

ეველინ ფარკასის თქმით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების პროცესი დაჩქარდება.

"ვფიქრობ, სანქციები აუცილებლად დაწესდება თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს უკვე დაურღვევია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ამ კონტექსტში, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე განიხილავდა სანქციების დაწესებას მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს აფინანსებს და აწვდის შესაბამის რესურსებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომი აწარმოოს. ეს [კანონის მიღება] მხოლოდ ერთგვარი სტიმული იქნება სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად", - ამბობს ფარკასი. 

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა