logo
ENG



ფარულავა: კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა აატალახა წერეთლის გამზირი, უნდა დაიწყოს გამოძიება

17 იან 202411:20
3 წუთის საკითხავი
clock 464
2024/01/17/vbf2xmjsrbvosya.jpg

ნაციონალური მოძრაობა კახა კალაძეს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვს.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ აღნიშნა, თბილისის მერი კახა კალაძე ხელშეკრულებებს იმ კომპანიებთან დებს, რომლებიც შემდეგ ქართული ოცნების შემომწირველები არიან.

"კახი კალაძე გახდა თბილისის კოშმარი. ვინაიდან, თბილისს ჰყავს თაღლითი, კორუმპირებული მერი, კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა აატალახა მთელი დიდუბე და წერეთლის გამზირი. ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან კახი კალაძე არის თბილისის და თბილისელების ბიუჯეტის ქურდი. სწორედ კახა კალაძე გასცემს ხელშეკრულებებს იმ კომპანიებზე, რომლებიც შემდგომში არიან ოცნების შემომწირველები. ეს არის პოლიტიკური კორუფცია. ფაქტობრივად თბილისელების ჯიბიდან ფინანსდება რუსული პარტია და ამას ნამდვილად სჭირდება გამოძიება"- თქვა ლაშა ფარულავამ.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და ნათქვამია, რომ "დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის".

ამასთან, მერიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წერილებით ირკვევა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ".

თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ წერეთელზე საავტომობილო მოძრაობა "დათქმულ ვადაში" გაიხსნება.


close დახურვა