logo
ENG



ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ სებ-მა სანქციების აღსრულების წესი შეცვალა

19 სექ 202321:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/19/pacx24m79en7pd3.png

ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.

ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ეროვნული ბანკის განცხადებით, მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

სებ-ის განცხადება:

"როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.

ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საქართველოს ეროვნული  ბანკი  ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ".

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.


close დახურვა