logo
ENG



ფაჩიჩა, დუკა, რომა ბათუმსკის ძმა - ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს

17 ივნ 202212:20
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ცნობით, სამი პირი - ე.წ. კანონიერი ქურდის რომან ხმალაძის, მეტსახელად "რომა ბათუმსკის" ძმა, ლ.დ. და ზ.თ. - ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. ხოლო ე.წ. კანონიერი ქურდის ასლან ქობულაძის, იგივე "ასლან ბათუმსკის" ძმა, მეტსახელად "დუკა" და ა. დ., იგივე "ფაჩიჩა" - "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.

ამასთან, პოლიციამ 1964 და 1968 წლებში დაბადებული ორი ძმა და მათი ბიძაშვილი, მეტსახელად კამო, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრის მიმართვის ბრალდებით დააკავეს.

რაც შეეხება 1984 წელს დაბადებული რ.ზ.-ს, მეტსახელად "ბალუ", მას "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიებით ინფორმაციით, ბრალდებულ ძმებს ერთმანეთთან ფინანსური დავა ჰქონდათ, ხოლო ერთ-ერთ ძმასა და "კამოს" შორის კი დაპირისპირება წარმოიქმნა მათი საცხოვრებელი სახლების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. შსს-ში ამბობენ, რომ მათ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს.

"აღნიშნული დავების გადაწყვეტის მიზნით, ლ. დ. საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - მინდია ლავასოღლის და მასთან მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს - რ.ზ.-ს (მეტსახელად "ბალუ") დაუკავშირდა.

კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ნათესავებს შორის არსებული ფინანსური და ყოფითი დავების მოგვარების და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომლებსაც ესწრებოდნენ მოდავე მხარეები, კრიმინალური ავტორიტეტები და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი - მინდია ლავასოღლი და კრიმინალური ავტორიტეტი - რ.ზ. (მეტსახელად "ბალუ")", - აღნიშნავენ შსს-ში.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.


close დახურვა