საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მოხდება, რომელიც 30 ივლისს დამტკიცდა.
„სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით, სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო.