logo
ENG



ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - ოპოზიცია, მედიის, აქტივისტების ნაწილი დარბაზში შევიდა

12 ივლ 202112:57
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირებაა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერების, მედიამენეჯერების და აქტივისტების ნაწილი, მანდატურის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, დარბაზში შევიდა. დარბაზში შესვლის შემდეგ ოპოზიციისა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ისინი ამ წუთებშიც დარბაზში რჩებიან და ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის დაიწყება სხდომა.

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, მანდატურის სამსახურთან ერთად, პირადი დაცვაც იცავს. მან აღნიშნა, რომ "ნაცებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ".

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან გადმოფენილია ევროკავშირის და საქართველოს დროშა. სავარძელი დაკავებული აქვთ ოპოზიციის ლიდერებს, მათ შორის ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა, ანა ნაცვლიშვილი, ანა წითლიძე და თაკო ჩარკვიანი. ისინი ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემენ.

მანდატურის სამსახური ცდილობს, ოპოზიციას, მედიას და აქტივისტებს დარბაზი დაატოვებინოს, თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ.

მედიის წარმომადგენლების უმრავლესობას პარლამენტის შენობაში კვლავ არ უშვებენ.

 

close დახურვა