ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტალინის შეცდომებს იმეორებს.
ნიინისტე ამბობს, რომ ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი წელსაც გაგრძელდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ხედავს მსგავსებას უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის. მისი თქმით, რუსეთმაც და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს.
"ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ. ხალხი, რომელიც ერთად მოქმედებს, დიდი ძალაა", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
ნიინისტეს აზრით, რუსეთის მეორე არასწორი გათვლა ის იყო, რომ ფიქრობდნენ, თითქოს ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა, მაგრამ მისი თქმით, ეს არ მოხდა, რადგან უკრაინელების მიმართ თანაგრძნობას განიცდიან.