ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკკა ჰაავისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს.
„რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 14 წლისთავზე მე ხელახლა ვადასტურებ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი, სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის“ - აცხადებს ჰაავისტო.
FM @Haavisto: On the 14th anniversary of the conflict between #Russia and #Georgia, I reiterate #Finland’s firm support to the independence, sovereignty and territorial integrity of Georgia. Under international law, #Abkhazia and #SouthOssetia belong to Georgia.
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.
2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.