NATO-ში ფინეთისა და შვედეთის ელჩებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ალიანსის წევრობის აპლიკაციები გადასცეს.
„მე თბილად მივესალმები ფინეთისა და შვედეთის განაცხადებს, რომ შეუერთდნენ NATO-ს. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი წევრობა NATO-ში ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. განაცხადი, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ არის ისტორიული ნაბიჯი. მოკავშირეები ახლა განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს NATO-მდე მისასვლელ თქვენს გზაზე.
ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და მივაღწიოთ სწრაფ შედეგებს.“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა იმ ცერემონიალზე ისაუბრა, სადაც NATO-ში ფინეთისა და შვედეთის ელჩებმა, კლაუს კორჰონენმა და აქსელ ვერნჰოფმა მას ალიანსის წევრობის განაცხადები გადასცეს.
იმისთვის, რომ ქვეყნები NATO-ში მიიღონ, მათი ოფიციალური განაცხადის გაკეთების შემდეგ ალიანსის ყველა ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მათი წევრობა. ეს შესაძლოა 4 თვიდან 1 წლამდე პერიოდი გაგრძელდეს, ხანგრძლივობა თითოეულ ქვეყანაში ბიუროკრატიულ პროცესებზეა დამოკიდებული.