ერთ-ერთი არქიმანდრიტი, ბართლომე ფირცხალაშვილი, რომლის სახელი გავრცელებულ ფაილებში ფიგურირებს, ირიბად ადასტურებს ბიძინა ივანიშვილთან პატრიარქის შემცვლელზე საუბარს, თუმცა განსხვავებული შინაარსით. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავდა თუ არა ბიძინა ივანიშვილთან ერთად პატრიარქის შემცვლელის ვინაობას, არქიმნდრიტი ასე პასუხობს:
"მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დავაფიქსირო ბატონი ბიძინას ნათქვამიდან, რომ როცა უწმინდესი ცუდად იყო, ამ კაცმა იცოცხლოს 100 წელი, მაგრამ მას უჭირავს სამშობლოს იდეა და მომავალში ვინც იქნება, მანაც უნდა დაიჭიროს სამშობლოს იდეა. მეტი ლაპარაკი... შეიძლება ვიღაცამ რაღაცა მიუმატოს, შეიძლება, მეც რაღაცა... როგორც მივხვდი, ჩანაწერებში რაღაცები არის, ის რაც მე კონკრეტულად ვთქვი, არ არსებობს", - ამბობს არქიმანდრიტი.
მოგვიანებით იგი აღნიშნავს, რომ ეს დიალოგი შედგა თუ არა არ ახსოვს, რომ ეკლესიაში ვნებათაღელვა იყო და "რაღაც თემებზე ყველა და ყველაფერი ლაპარაკობდა".
"რაღაცა თემებზე რომ იყო ლაპარაკი, ეს ბუნებრივია, ამის უარყოფა არაკეთილსინდისიერება იქნებოდა", - ამბობს ის.
ფაილების მიხედვით, ფირცხალაშვილი ყვება, რომ ივანიშვილმა ცოლთან ერთად განიხილა პატრიარქობის ამბიციების მქონე მღვდელმთავრები. ივანიშვილების ოჯახმა დადებითად დაახასიათეს აბრაამ გარმელია და უარყოფითად შეაფასეს იობი აქიაშვილი.
გარდა ამისა, ფაილის მიხედვით, ფირცხალაიშვილი ყვება, რომ ივანიშვილი პატრიარქზეა განაწყენებული, რადგან მიხეილ სააკაშვილს საახალწლო მისალოცი ბარათი გაუგზავნა. ფირცხალაშვილმა ეს ინფორმაციაც უარყო და იკითხა, "საიდან ვიცი ვის გაუგზავნა მისალოცი ბარათი შორენამ [თეთრუაშვილმა]?"
ფაილის მიხედვით, ქორეპისკოპოსი იაკობი ბიძინა ივანიშვილმა "ფოსტალიონად" მოიხსენია. ამაზე ფირცხალაშვილმა თქვა, რომ "სიტყვაა დამახინჯებული, ალბათ".
"თავიდან მეუფე იაკობი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შუამავალი იყო. შუამავალი შუამავალია, ფოსტალიონი ფოსტალიონია", - ამბობს ის.