logo
ENG



ფლანგვა: ბათუმს პარკების მოწყობა 1 მილიონი დაუჯდა, 4 500-ლარიან სკამებს უკვე ფერი გადაუვიდა

09 თებ 202219:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/09/qjxaou54ej535zm.jpg
ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბათუმში სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობისთვის საჭირო ინვენტარზე 2021 წელს 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ამ თანხით შეძენილ 4 500-ლარიან სკამებს კი განთავსებიდან მალევე ფერი გადაუვიდა.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2021 წლის აგვისტოში ბათუმში სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 997 600 ლარი იყო და სკამების, ძელსკამების, ნაგვის ურნების, მაგიდებისა და სხვა ინვენტარის შეძენას მოიცავდა. თანხა მთლიანად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ ამ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს გეოლოდმა მიიღო და მან შემსყიდველს ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის თანხა შესთავაზა. შპს გეოლოდთან ხელშეკრულება 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, ბათუმის მერიამ 50 ცალი ხის ურნა იყიდა, თითო 1 200 ლარად, ბეჟი ქვისგან ჩამოსხმული 30 ურნიდან თითოში კი 1,050 ლარი გადაიხადა. ჯამში მხოლოდ ურნები ბათუმის მერიას 91 500 ლარი დაუჯდა.

გარდა ამისა, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, შესყიდვა რამდენიმე, სხვადასხვა ფორმისა თუ მასალის სკამებსაც მოიცავდა, რომელთა ფასი 750-დან 4 800 ლარის ფარგლებში მერყეობს. ბათუმის მერიამ ყველაზე ძვირი - 4 800 ლარის ღირებულების 60 სკამი იყიდა.

პარკში განსათავსებელი სკამების ერთ-ერთი მოდელი 4 500-ლარი ღირდა. მხოლოდ ამ სკამებზე ბიუჯეტიდან 225 000 ლარი დაიხარჯა. ფლანგვის ინფორმაციით, პარკში განთავსებიდან მალევე ამ სკამებს ფერი გადაუვიდათ და პარკიდან მათი გატანა გახდა საჭირო. ფლანგვის დეტექტორი ვარაუდობს, რომ აღნიშნული პრობლემა სკამების დაბალ ხარისხზე მიუთითებს.

„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული შავი სკამების, კერძოდ კი, ზურგიანი სკამი “სმარტის” ნაწილმა ფერი შეიცვალა წვიმისა და თოვლის გამო და შავი სკამები ნაწილობრივ გათეთრდა. აღსანიშნავია, რომ პარკში ამ სახეობის 50 ცალი სკამი დგას, თითოეულის ფასი 4 500 ლარია, გამოდის, რომ მერიამ 225 000 ლარი მიმწოდებელ კომპანიას გადაუხადა სკამებში, რომლებმაც წვიმისა და თოვლის გამო ფერი დაკარგეს და მათი ხელახლა შეღებვა გახდა საჭირო” - წერია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.


close დახურვა