არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, საგარეჯოს ბიუჯეტიდან წყალსადენ სისტემაზე 152 000 ლარი უშედეგოდ დახარჯეს. კერძოდ, სოფელ პატარა ჩაილურში 2016 წელს მოეწყო წყლის სატუმბი ობიექტები, თუმცა ტრანსფორმატორის პრობლემის გამო ის ვერ ფუნქციონირებდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წელს, აუდიტის კრიტიკული ანგარიშის შემდეგ, ტრანსფორმატორი აამუშავეს, მაგრამ გაუმართავმა მილებმა წყალი ვერ გაატარა.
„აღმოჩნდა, ადგილობრივ ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია, რომ მილები ამორტიზებული და ავარიული იყო.
პრობლემაზე “ზრუნვა” 5 წლის წინ დაიწყო, თუმცა მოსახლეობის 75%-ს წყალი ძნელად მიეწოდება, დღეში მცირეხნიანი გრაფიკით.
ზაფხულობით სოფლის დიდი ნაწილი სულ უწყლოდაა და ჰიგიენის ელემენტარულ წესებს ვერ დაიცავს წელს კორონავირუსის პირობებში“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.