logo
ENG



ფლორიდაში ჩხრეკის გამო დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს სასამართლოში უჩივლა

23 აგვ 202209:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/23/bvgggihk72rpr6h.jpg

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სასამართლოს მიმართა, რათა იუსტიციის სამინისტრომ გამოძიება შეაჩეროს იმ ფაილების მიმართ, რომლებიც ფლორიდის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.

ამასთან, ტრამპის იურიდიულმა გუნდმა მოითხოვა დამოუკიდებელი წარმომადგენლის დანიშვნა, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს იმ დოკუმენტებს, რომლებიც FBI-მ თვის დასაწყისში წაიღო. სარჩელში დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ჩხრეკის გადაწყვეტილება პოლიტიკურ ნიადაგზე იქნა მიღებული, კერძოდ კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე 90 დღით ადრე, რათა "გაეჩუმებინათ რესპუბლიკური პარტიის წამყვანი ხმა".

8 აგვისტოს ფლორიდის რეზიდენციაში FBI-მ ჩხრეკა ჩაატარა ორდერის საფუძველზე, რომელსაც შტატის ფედერალური მოსამართლე აწერდა ხელს. FBI-ს ინფორმაციით, ტრამპის ფლორიდის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს. დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობის გამო ტრამპის მიმართ გამოძიებაა დაწყებული.

აშშ-ს პრეზიდენტები ვალდებულნი არიან ყველა თავიანთი დოკუმენტი და ელექტრონული წერილი გადასცენ ეროვნულ არქივს, ხოლო FBI იძიებს, ხომ არ დაარღვია ტრამპმა კანონი, როდესაც დოკუმენტები თეთრი სახლიდან მარ-ა-ლაგოს სახლში გადაიტანა მას შემდეგ, რაც 2021 წელს პრეზიდენტის პოსტი დატოვა.

ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ დოკუმენტები განსაიდუმლოებული იყო.

New York Times-ის ინფორმაციით, აგენტებმა ტრამპისგან 300-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი ამოიღეს, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისა და FBI-ს ფაილები.

დონალდ ტრამპი ამოღებული დოკუმენტების დეტალურ სიას მოითხოვს და ითხოვს, რომ დაუბრუნონ ყველა ის ნივთი, რომელიც ჩხრეკის ორდერს არ ექვემდებარება.

გარდა ამისა, სარჩელში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპი FBI-სთან მანამ თანამშრომლობდა, სანამ ისინი გაუფრთხილებლად არ მივიდნენ მის სახლში. ადვოკატების თქმით, ორდერი ზედმეტად ფართო იყო, რაც კონსტიტუციის მეოთხე შესწორებას ეწინააღმდეგება, რომელიც ამერიკელებს დაუსაბუთებელი ჩხრეკისგან იცავს.


close დახურვა