ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
ფორმულა ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გიორგი შარვაშიძეს დაუკავშირდა, თუმცა კითხვის მოსმენის შემდეგ მან ტელეფონი გათიშა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიშვნას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.
7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შარვაშიძე თსუ-ის რექტორის თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. შარვაშიძე რექტორად 2016 წელს დაინიშნა, მეორე ვადით კი ის 2020 წელს აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის 2024 წლამდე უნდა ყოფილიყო.
რექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს შარვაშიძე სკანდალში გაეხვა. "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მან საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი - 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა. თავად შარვაშიძემ კი ფაქტი კატეგორიულად უარყო.
დღეს თსუ-ში რექტორის არჩევნები უნდა გაიმართოს. ამჟამად რექტორის მოვალეობას ჯაბა სამუშია ასრულებს, რომელიც არჩევის დროს ერთადერთი კანდიდატი იყო. ახლაც რექტორის შესარჩევ კონკურსში მხოლოდ ჯაბა სამუშია მონაწილეობს.