მარტვილში, სალხინოს მონასტერთან ხმაურია. როგორც ფორმულასთან ადგილობრივები ამბობენ, პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, ვინც ტაძარში სალოცავად შესვლას ცდილობდა.
სალხინოს ტაძართან დღეს ორ საათზე ადგილობრივები შეიკრიბნენ, რომ გაეპროტესტებინათ მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილება არ შეუშვას ადგილობრივი მრევლი ტაძარში.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, პოლიციასა და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
"გვერდით ღვინის სახლში ვიმყოფებოდი, როდესაც გავიგე ხმაური, ჩოჩქოლის ხმა, დავინახე პოლიციელებსა და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს შორის იყო დაპირისპირება, ხელით შეხებაც იყო, სავარაუდოდ, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი იქით გავიდნენ, გვერდზე, შემდეგ დააკავეს, დავინახე, პიკაპით გამოჰყავდათ 7-8 ადამიანი დაახლოებით, ესენი წყნარად მშვიდად გროვდებოდნენ, მეც ვესაუბრე მათ რომ მოვედი და ქონდათ სურვილი შესულიყვნენ ტაძარში და მოელოცათ მონასტრის ეზოში, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ხელი შეუშალეს და არ უშვებდნენ შიგნით" - ამბობს ადგილობრივი მარიამ კიკალეიშვილი.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.
განახლება: არსებული ინფორმაციით, დააკავეს კიდევ ორი ადამიანი, დაკავებულებს შორის არის სასულიერო პირი, მამა მარკოზი და ასევე, შალვა ჩხიკვაძე - შშმ პირი, რომელიც მონასტერში ცხოვრობს.
ფორმულა დაკავებაზე ინფორმაციისთვის შსს-ს დაუკავშირდა, უწყება დეტალებს მოგვიანებით შეგვატყობინებს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.
სექტემბერში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მის მიერ ადრე დასჯილი და განყენებული სასულიერო პირები ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთა. საქმე ეხება სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს განყენებულ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერენ და სტეფანე კალაიჯიშვილის მმართველობას ეწინააღმდეგებიან.
რამდენიმე დღის წინ განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ მონასტრის ტერიტორია უნდა დატოვონ.
დღეს მეუფე სტეფანემ წირვაზე თქვა, რომ ღმერთმა მისცა ძალა, ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი.