logo
ENG



ფორმულას მხატვრული ფილმის დღისით გაშვებით ასაკობრივი ცენზის დარღვევას ედავებიან

28 იან 202112:59
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ახალი სარჩელი შეიტანეს. არხს ახლა უკვე ასაკობრივი ცენზის დარღვევას ედავებიან, კერძოდ, მხატვრული ფილმის გაშვებას 21 საათამდე, დღის მონაკვეთში. საჩივრები მარეგულირებელ კომისიაში კერძო პირების სახელით არის წარდგენილი და მათ დღეს, 28 იანვარს ონლაინ ფორმატში განიხილავენ.

კომისია ამ საკითხს ბავშვთა კოდექსის საფუძველზე განიხილავს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ, ყოფილ დეპუტატ სოფიო კილაძის ინიციატივით მიიღო.

ტელეკომპანია ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე კანონს "დრაკონულს" უწოდებს და ამბობს, რომ ის აუცილებლად შესაცვლელია. იგი პარლამენტს სთხოვს, უახლოეს ვადებში განიხილოს მისი ცვლილება.

"მარეგულირებელი კომისია გვევლინება ერთგვარ ცენზორად, იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდეს ტელევიზიების პრობლემატიკაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ იმ კრიზისიდან, რაც კორონას უკავშირდება, [კახა] ბექაურის ერთადერთი საქმიანობაა, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიების სანქცირება", - ამბობს ზუკა გუმბარიძე.

კომუნიკაციების კომისიაში, ასევე განიხილება სარჩელი მთავარი არხის წინააღმდეგ, რაც ეხება 12 დეკემბერს გადაცემა შაბათის მთავარში გასულ სიუჟეტს. სადავოდ მიაჩნიათ ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის კადრები, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, საჯარო სივრცეშია გადაღებული.

ბავშვთა კოდექსის დარღვევის მოტივით კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა 2020 წლის 31 დეკემბერს დააჯარიმა. კომისიას საჩივრით მაშინაც ფიზიკურმა პირმა მიმართა, თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, იგი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთანაა ასოცირებული.

კომისიის თქმით, ტელეკომპანიამ მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია - სერიალში შეურაცხმყოფელი ლექსიკაა გამოყენებული და დღის ეთერში გავიდა, გარდა ამისა, მათივე თქმით, სერიალს არ აქვს ასაკობრივი ნიშანდება.


close დახურვა