ფორმულას ჟურნალისტი, ნინო გელაშვილი ამბობს, რომ მასაც უსმენდნენ და ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს - 1-ლ აგვისტოს მთავარი არხის დირექტორმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა ამონარიდები სუს-ის მიერ ფარული მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერებიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის გამზადებული ანგარიშის ნაწილია.
ნინო გელაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია პავლიაშვილს ის 2020 წლის ზაფხულში კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად დაუკავშირდა, საუბრის შინაარსი კი სუს-ის ანგარიშში მოხვდა.
"მე ვადასტურებ, რომ ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა. გასული წლის ზაფხულში ჟურნალისტებმა დავურეკეთ ჟურნალისტებმა ფაქტის დასადასტურებლად. ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. საუბარი ეხებოდა ინფორმაციის დაზუსტებას, რა თქმა უნდა, არავითარი დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა. შესაბამისად, საინტერესოა, რატომ გახდა ეს საუბარი ვინმესთვის საინტერესო, რატომ დაიხარჯა ამაზე რესურსი. ის, რომ ასე ხდება ჟურნალისტების რიგითი საუბრის მოსმენა, შემაშფოთებელია". - ამბობს ნინო გელაშვილი.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია პავლიაშვილს მიმდინარე წლის [2020] 17 ივნისს დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, სოფიო დემეტრაშვილი და ჰკითხა, რომ 21 ივნისს უნდა ჩატარებულიყო პარლამენტის რიგგარშე სხდომა, რასთან დაკავშირებითაც დემეტრაშვილმა თანამოსაუბრეს ჰკითხა, მიმართა თუ არა პარლამენტის აპარატმა პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაზეც პავლიაშვილმა განუმარტა, რომ აღნიშნულზე არ იყო ინფორმირებული.
იმავე საქმეზე ნათია პავლიაშვილს დაურეკა ფორმულას თანამშრომელმა, ნინო გელაშვილმა". - წაიკითხა ნიკა გვარამიამ სუს-ის დოკუმენტებიდან.
იმას, რომ უსმენდნენ და მის შესახებ მოპოვებული ჩანაწერი ნამდვილია, დაადასტურა რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, გიორგი მგელაძემ.
***
1-ლ აგვისტოს ნიკა გვარამიამ ეთერში წაიკითხა ანგარიში, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია.
დოკუმენტში მოთხობილია დიპლომატების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. ჩანაწერებს შორისაა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბარიც.
ერთ-ერთი საუბარი დაადასტურა GDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ. ნიკა გვარამიას თქმით, დოკუმენტში წერია, რომ 2020 წლის 15 ივნისს საუბარი შედგა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანსა და EMC-ის წარმომადგენელს, გურამ იმნაძეს შორის, საუბარი შეეხო EMC-ის დირექტორის, თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას, ამის შემდეგ ონიანი GDI-ის მაშინდელ დირექტორს, გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.
იგივე საუბარი დაადასტურეს TI-ის დირექტორმა, ეკა გიგაურმა, ასევე, გურამ იმნაძემ და თამთა მიქელაძემ.
გვარამია კონკრეტულ ადამიანებზე გაკეთებული ჩანაწერების შინაარსს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა და ზოგიერთ პირს, იდენტიფიცირების თავიდან ასარიდებლად, ინიციალებით მოიხსენიებდა.
მისი თქმით, ამ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.
ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ამაზე "რა თქმა უნდა, კომენტარის გაკეთება არ იგეგმება".