სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი, დენიელ ფრიდი აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება. მისი თქმით, ფარცხალაძე თავისი ქმედებებისთვის დასანქცირდა და შეუძლია სანქცირების წინააღმდეგ იბრძოლოს. ამის შესახებ მან ფორმულასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
"ის [ფარცხალაძე] როგორც ინდივიდუალური პირი, დასანქცირდა თავისი ქმედებებისთვის, როგორც ჩანს, ურთიერთობისთვის და კავშირში ყოფნისთვის FSB-ს ოფიცერთან... ეს არ არის ნაბიჯი საქართველოს მთავრობის, საქართველოს ხალხის, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ეხება ამ პიროვნების ქმედებებს", - ამბობს ფრიდი.
ფრიდის თქმით, გუშინ აშშ-მა ზოგიერთი პირი ფინეთიდან და თურქეთიდან სხვადასხვა მიზეზების გამო დაასანქცირა, მაგრამ ყველა დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსებს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ. ასევე, სხვა ნაბიჯების გადადგმისთვის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ.
"ჩვენი სანქციების პროგრამით ვცდილობთ ისინი დავასანქციროთ, იმიტომ, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომელმაც ორი ომი წამოიწყო ევროპაში, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ, 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც მოჰყვა 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრა. რუსეთი გახლავთ აგრესორი ქვეყანა, ტირანია. აშშ, ევროპა, თავისუფლების მოყვარული ქვეყნები ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ გააგრძელოს თავისი აგრესია.
ამ პიროვნებას გააჩნია უფლება, რომ მისი გვარი ამოიღონ ამ სიიდან ან გადადგას იურიდიული ნებიჯები, რათა დაიწყოს სასამართლო პროცესი, რომ თითქოს მისი გვარი მოხვდა ყალბ საფუძველზე და შეუძლია ეს სცადოს... ამ პიროვნებას შეუძლია მაქსიმალურად იბრძოლოს ამ სანქცირების წინააღმდეგ", - აღნიშნა მან.
აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.