კომპანია გრინსერვის+-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის თქმით, ვაკის პარკის შადრევანი ყველა წესის დაცვით იყო გაკეთებული და ის როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა შეამოწმეს.
ფურცხვანიძე აცხადებს, რომ საქმეში "ძალიან ბევრი დამთხვევაა", რადგან მისი თქმით, მისი კომპანიის თანამშრომლები ხშირად ჩადიოდნენ იმ აუზში, სადაც 13 ოქტომბერს 3 ბავშვს დენმა დაარტყა.
ფურცხვანიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილება რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, გამთენიისას დატოვა. გრინსერვის+-ის მფლობელი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხებს გამოძიება გაგვცემს.
„ჩვენ ყველა სამუშაო წესების დაცვით გვქონდა გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რა მოთხოვნაც არის საქართველოს კანონმდებლობასთან და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაოების მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა მეთქი, იმ დღესაც გითხარით, იმიტომ რომ ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ ამ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს არამარტო ჩვენ, არამედ უცხოელ სპეციალისტსაც და ასევე შემოწმებული აქვთ ექსპერტებსაც. ამის შემდეგ შეამოწმებს ექსპერტიზა და მოდით, გამოძიებამ გაგვცეს პასუხები", -განაცხადა ფურცხვანიძემ.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს.
გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.
ნიუ ჰოსპიტალსის ექიმმა, დავით ციბაძემ დღეს განაცხადა, რომ ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს, სავარაუდოდ, კლინიკიდან გაწერენ.
