logo
ENG



ქადაგიშვილი: შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩვენც, მოვუწოდებთ სააკაშვილს, დაუჯეროს ექიმს

29 აპრ 202214:05
3 წუთის საკითხავი
 
ქადაგიშვილი: შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩვენც, მოვუწოდებთ სააკაშვილს, დაუჯეროს ექიმს

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "შეშფოთებას გამოთქვამს" და მოუწოდებს მას, "ექიმს დაუჯეროს".

"სააკაშვილის ჯანმრთელობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ, შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩვენც და მოვუწოდებთ სააკაშვილს, რომ მიიღოს საკვები, ექიმი რომ მივა მასთან, ექიმს, როგორც პაციენტმა დაუჯეროს და პოლიტიკური სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დამთავრდეს. ციხეში ყოფნა ყველასთვის დამთრგუნველია, მით უმეტეს ჩამოგაგზავნეს ქვეყანაში იმისთვის, რომ რევოლუცია მოგეხდინა და აღმოჩნდი ციხეში"- ამბობს ქადაგიშვილი.

28 აპრილს ოჯახმა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადასაყვანად მთავრობას ორშაბათამდე მისცა დრო.

27 აპრილს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".

ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ  ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.


close დახურვა