logo
ENG



ქადაგიშვილი აშშ-ის საელჩოს: დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა

08 სექ 202212:40
3 წუთის საკითხავი
 
ქადაგიშვილი აშშ-ის საელჩოს: დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ მოსმენების კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ეს პოლიტიკური ანგაჟირებული შეტევის მცდელობაა".

"ძალიან დიდ პატივს ვცემთ აშშ-ის საელჩოს, მაგრამ სულ მცირე, ცოტა კორექტული ფორმულირება არის საჭირო "მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი საშუალება მიიღონ". დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა, რას ეხება ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი? არანაირი ობიექტური ანალიზი არ არის და არის პოლიტიკური ანგაჟირებული შეტევის მცდელობა", - ამბობს ქადაგიშვილი.

გუშინ, 7 სექტემბერს აშშ-ის საელჩო პარლამენტის მიერ მოსმენების კანონის მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "კანონი, რომელიც მთავრობას უზრდის შესაძლებლობას, გააკონტროლოს მოქალაქეები, საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა".

ქართული ოცნების პარლამენტმა მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს დაძლია და ის თავდაპირველი რედაქციით მიიღო. 

თავდაპირველად სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი მხოლოდ 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 68 დეპუტატი წავიდა.

ამის შემდეგ, კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელსაც მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 კი წინააღმდეგ წავიდა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

ე.წ. მოსმენების კანონი ქართულმა ოცნებამ ივნისში მიიღო და პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. 

ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონპროექტით, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს.

ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება. 

 

 

 

 


close დახურვა