ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტის ჩაშლაში ქართული მხარის ბრალეულობა არაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
"როდესაც რამდენიმე დღით ადრე ან ორი დღით ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მე ჩამოვდივარ და რაღაც ფორმატს ვიწყებ, ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში და სულ სხვა ფორმატში უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს არ არის კორექტული დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის მიმართ", - თქვა ქადაგიშვილმა.
ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21–22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად.
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში აცხადებენ, რომ შეფერხება პარლამენტის ახალი თავმჯდომარისა და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტის არჩევას უკავშირდება.
გარდა ამისა, პაპუაშვილის კაბინეტი აკრიტიკებს ევროპარლამენტარებს მათი განცხადების გამო, რომელიც ჟან მონეს დიალოგის ჩაშლას ეხებოდა.
"დიალოგის პროცესში, თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახალარჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს", - აღნიშნულია განცხადებაში.