logo
ENG



ქადაგიშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ნონსენსია, ტრაგედიას აჟიოტაჟისთვის იყენებენ

18 აგვ 202318:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/18/tjxa9pnqneavh8b.jpg

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას „ნონსენსს“ უწოდებს. მისი თქმით, შოვში მომხდარ ტრაგედიას ოპოზიცია აჟიოტაჟისთვის იყენებს.

"ამ დიდ ტრაგედიას პოლიტიკოსები იყენებენ არა იმისთვის, რომ თუ რამე არის მართლა კონსტრუქციულად იყოს შეფასებული, არამედ პოლიტიკური სპეკულაციისა და აჟიოტაჟისთვის და [იმისთვის, რომ] საზოგადოებაში შემდგომი ნიჰილიზმის, დაძაბვის, გაურკვევლობის შემოტანა გაახანგრძლივონ და ეს პროცესი ხელოვნურად ასუნთქონ.

როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, შენ რა პარალელურ გამოძიებას იწყებ? ნონსენსია, ეს ნიშნავს, რომ შენ კი არ ელოდები რაიმე ობიექტურ შედეგებს, შენ გინდა, რომ ცხელი პოლიტიკური თემა ხელოვნურად აცოცხლო", - ამბობს ქადაგიშვილი.

ნაციონალური მოძრაობა შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარლამენტის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ 9 აგვისტოს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული სისტემის არსებობის შემთხვევაში და მეორე, იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ. სტიქიის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.


close დახურვა