საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქართული ოცნება უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს.
მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მუშაობს.
"უნდა გამოვდიოდეთ საქართველოს ინტერესებიდან და არანაირად არ უნდა მივცეთ საბაბი იმისათვის, რომ რუსეთს თავისი აგრესიის საქართველოზე გავრცელების საშუალება მიეცეს. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს ყველა ის განცხადება, ყველა ის რეზოლუცია, რომელსაც სხვათაშორის ჩვენც ვამზადებთ უკვე, რომ ეს მოვლენები საქართველოში ესკალაციის გადმოტანასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნას აცილებული.
მოგეხსენებათ, ამ გეგმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით ერთი საგანგაშო სიგნალი გაჟღერებული იქნა, როცა ბიბილოვმა, ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, "ვიწყებთ მზადებას შესაძლო ქართული პროვოკაციებისგან თავის დაცვა". აქედან გამომდინარე, სიტუაციას უნდა შევხედოთ არა შიდა დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომ "აბა, ახლა ჯინაზე, რას გაგიკეთებ და თავზე დაგაქცევ", არამედ უნდა ვიმოქმედოთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ევროპის კონტინენტის დიდ ნაწილს და მათ შორის, საქართველოს ემუქრება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არიდებული იქნას საფრთხე," - თქვა ქადაგიშვილმა.
რამდენიმე კვირის წინ ქართულმა ოცნებამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, თუმცა, მის ტექსტში რუსეთი ნახსენები არ არის.
ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს მხარს არ უჭერდნენ. ოპოზიცია ითხოვდა, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის შესახებ ჩაიწერებოდა.