logo
ENG



ქადაგიძე: სასამართლოს აქვს სერიოზული პროგრესი, სერიოზული მიღწევები

27 ივნ 202115:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/27/qzrlehb37pnglq1.jpg

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე აცხადებს, რომ  სასამართლოს აქვს პროგრესი და ამას ხედავს მოსახლეობაც, ეს კი კვლევებში სასამართლოსადმი ნდობის კოეფიციენტით ჩანს.

როგორც უზენაესის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა,  მოსამართლეების დემონიზაცია მიმდინარეობს და საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზება ხდება სისტემის წინააღმდეგ.

„ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ, ხდება მოსამართლეების დემონიზაცია, ფაქტობრივად, და ეს გადის თითოეული ინდივიდუალური მოსამართლის ღირსებაზე. თქვენ ხედავთ, ალბათ - ბოლო კვლევებმა ასე აჩვენა, რომ საზოგადოების გარკვეულად დიდი ნაწილი ენდობა სასამართლოს, სასამართლოს აქვს სერიოზული პროგრესი, სერიოზული მიღწევები. მინდა საზოგადოება დავარწმუნო და ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი", - ამბობს ნინო ქადაგიძე. 

მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შეხვდნენ - როგორც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს შესვლამდე განუცხადა, შეხვედრაზე სასამართლო სისტემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებდნენ.

 

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს სასამართლო რეფორმაზე შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ შეეჩერებინა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია. შენიშვნა არაერთხელ გამოთქვა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

25 ივნისს კი აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ სენატი მიესალმება 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერას. 

სენატი რეზოლუციით მოუწოდებს მთავრობას, დაიწყოს სისტემური რეფორმები. უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. უზრუნველყოს, რომ სასამართლო არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისთვის. სრულად იყოს მიღებული და გატარებული ვენეციის კომისიის და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები. 


close დახურვა