logo
ENG



ქადაგიძის კანდიდატურა პოლიტიკური ნიშნით არ შერჩეულა - იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები

10 მარ 202018:16
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძის წარდგენა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით მოხდა.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა შერჩეული იქნა არა პოლიტიკური ნიშნით, არა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ახლოს არის ან მომხრეა რომელიმე პარტიის და არც იმიტომ რომ ის იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი“, - განაცხადა საბჭოს არამოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა.

რაც შეეხება საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის პოზიციას, ის აცხადებს, რომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი მისი გამოცდილების გათვალისწინებით დაუჭირა. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძეს, მიქაუტაძემ განმარტა, რომ კონსულტაციების დროს მისი კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა დღეს მხოლოდ ნინო ქადაგიძე წარადგინეს.

„გიდასტურებთ, რომ კონსულტაციების დროს ბატონი შალვას კანდიდატურა იყო დასახლებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან, თუმცა საბჭოს სხდომაზე წარდგენილი იყო მხოლოდ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა. პირადად ჩემი გადაწყვეტილება და არგუმენტები, რომელიც იყო ჩემი გადაწყვეტილების სასარგებლოდ, გახლავთ პირველ რიგში უდიდესი გამოცდილება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე წარადგინა. ქადაგიძეს საბჭოს 13 წევრიდან, 12-მა დაუჭირა მხარი.

 


close დახურვა