logo
ENG



ქალაქი რუსულ ალყაში - რა ხდება მარიუპოლში

15 მარ 202217:07
3 წუთის საკითხავი
 
ქალაქი რუსულ ალყაში - რა ხდება მარიუპოლში
Evgeniy Maloletka/AP

უკრაინის სამხრეთით-აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქი მარიუპოლი თითქმის ორი კვირაა რუსეთის არმიის ალყაში, ბომბების ქვეშ, უკიდურესად შეზღუდული სასიცოცხლო რესურსებით არსებობს. ევაკუაციის რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი იყო, თუმცა ადამიანების ნაწილმა ქალაქიდან გაქცევა უკვე მოახერხა.  

ბოლო ცნობები მარიუპოლზე ასეთია:

  • 15 მარტის 14 საათის მდგომარეობით, მარიუპოლიდან ორი ათასი მსუბუქი გავიდა ზაპოროჟიეს მიმართულებით. კიდევ 2 ათასი მანქანა გაჩერებულია ქალაქიდან გასასვლელთან;
  • მარიუპოლის მერის, დმიტრი ორლოვის თქმით, ხვალ, ოთხშაბათს უკრაინა კვლავ შეეცდება ევაკუაციას, თუკი დერეფნების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება;
  • 14 მარტს მინიმუმ 160 მანქანის კოლონა გავიდა მარიუპოლიდან. შედეგად, 300-მდე ადამიანმა შეძლო ზაპოროჟიეში გაქცევა;
  • უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის თქმით, ჰუმანიტარული ტვირთი მარიუპოლში ზაპოროჟიეს ოლქიდან, ბერდიანსკიდან გაემგზავრება, რათა იქ ჩარჩენილ ადამიანების წყალი, მედიკამენტები და საკვები ჩაუტანოს.

ადამიანები ბომბებს საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან ემალებიან. 13 მარტი, მარიუპოლი

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის დღიდან 2 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა მარიუპოლში. გარდაიცვალა ორსული ქალი და მისი მუცლად მყოფი ჩვილი, რომელიც დაბომბვის დროს მარიუპოლის სამშობიაროში დაიჭრა.

მისი ფოტო დაბომბვის დღეს გავრცელდა, თუ როგორ გამოჰყავთ იგი მაშველებს დანგრეული შენობიდან, საკაცით.

მის დაღუპვაზე ინფორმაცია ჟურნალისტმა ასია დოლინამ გაავრცელა. ის პირველი ქალია, რომლის ფოტოებიც რუსების თავდასხმის შემდეგ მარიუპოლის კლინიკდან გავრცელდა.  

რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო სახლი და საავადმყოფო 9 მარტს დაბომბა. ათობით ადამიანმა დაზიანებები მიიღო. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშობიარო სახლზე თავდასხმას "სიველურე" უწოდა.

"მარიუპოლი, რუსული სამხედროების მიერ პირდაპირი თავდასხმა სამშობიარო სახლზე. ადამიანები არიან ნანგრევების ქვეშ. ბავშვებია არიან ნანგრევების ქვეშ. ეს სიველურეა!" - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ მოითხოვა უკრაინის თავზე ცის დაკეტვა:

"სასწრაფოდ დაასრულეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანურობას".

ცხოვრება ბომბების ქვეშ

BBC-ის რუსული სამსახური ესაუბრა გოგოს, რომელმაც მარიუპოლის დატოვება შვილთან ერთად მოახერხა. ახლა საშა (სახელი შეცვლილია) ქალაქიდან 15 კილომეტრში ორ პატარა შვილთან ერთად იმალება მის მდგომარეობაზე ყვება. 

"მუდმივი დაბომბვაა. ძირითადად სარდაფში ვართ. დღისით რაღაცნაირად სახლიდან გავდივართ, სარდაფებშიც არაა უსაფრთხო. წყალი მთავრდება, წყალს ვასხამთ სისტემაში, ვადუღებთ და ისე ვსვამთ, ბავშვებს ვაჭმევთ. სევდიანი [სიტუაციაა].

მაროდიორობენ. რუსმა სამხედროებმა მაღაზიები, ფული გაიტანეს, რადგან საკვები არ ჰყოფნით. სულ ორი მაღაზია გვაქვს. ერთში ყველაფერი გაიტანეს, მეორეშიც აღარაფერია. ახლა ვჭამთ უკანასკნელს, რაც გვაქვს. ყველაფერს, რაც გვაქვს. შუქს გვაძლევენ ხოლმე.

ვიცნობ, სასწარფო დახმარების თანამშრომლებს, როგორც კი [ომი] დაიწყო, ხუთი დღე სამსახურებიდან ვერ გამოდიოდნენ. დაბომბვის შემდეგ ნაცნობმა ბიჭმა თავისი ხელებით დამარხა ბავშვი. გოგონა შვიდი წლისაც არ იყო. ეს ის არაა, რომ ტელევიზორიდან ვიცი. რეალურად ვესაუბრე ამ ადამიანებს", - ამბობს ის. 

საშას თქმით, მარიუპოლში დედა დატოვა, რომელთანაც 9 დღეა კონტაქტი არ ჰქონია და ისიც არ იცის, აქვს თუ არა წყალი:

"გამოსვლა მოვახერხე, მაგრამ ახლა ეგ შეუძლებელია. სადაც რუსები დგანან, იქ მხოლოდ ოკუპირებული დონეცკისკენ გიშვებენ. უკრაინის მხარეს აღარავის უშვებენ. კაცებს საერთოდ არსად უშვებენ. 

ყველაზე მეტად შვილის გამო მეშინია. როდესაც ვტირი, განვიცდი, რა თქმა უნდა, ისიც ღელავს. მინდა, რომ ჩემი შვილი იყოს კომფორტში და ქუჩაში მზის სხივი უხაროდეს. გარეთ გაზაფხულია, მე კი გარეთ გასვლისაც მეშინია".

NYT-სთან ინტერვიუში მარინა ლევინჩუკი ყვება, რომ ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის ადგილობრივი ხელისუფლებისგან შემაშფოთებელი შეტყობინება მიიღო, სანამ გაქცევას გადაწყვეტდა. მან თავისი სიტყვებით გაიხსენა მესიჯი:

"თუ თქვენს ოჯახში ვინმე მოკვდება, უბრალოდ გაიტანეთ სხეული გარეთ, გადააფარეთ რაიმე, შეუკარით ხელები და ფეხები და დატოვეთ გარეთ".

"ეს არის ის, რაც ახლა ხდება მარიუპოლში", - თქვა მან და დაამატა: "უბრალოდ ცხედრები დევს ქუჩებში. არ არის წყალი, არ არის გათბობა, არ არის გაზი და აგროვებენ თოვლს, დნება თოვლი და ადუღებენ".

იგი, ასევე ყვება, რომ მოსახლეობა ქუჩებში ხეებს ჭრის, გარეთ საჭმელს ამზადებს, რადგან დენი და გაზი არ არის.

"ყველა მეზობელი ერთმანეთს ეხმარება, აზიარებენ საკვებს და წყალს, თუ აქვთ. ხალხი ცდილობს, ასე გადარჩეს", - ამბობს ლევინჩუკი.

მარიუპოლის მერის მოადგილემ The Guardian-თან თქვა, რომ ის, რაც მარიუპოლში ხდება, ესაა "ომის დანაშაული და წმინდა გენოციდი".

მან დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინი მარიუპოლის ხელში ჩაგდებას ნებისმიერ ფასად ცდილობს.

ორლოვის თქმით, ადამიანები ღია ცეცხლზე ამზადებენ საკვებს და ბედნიერები არიან, რომ ცივა და თოვს:

"თოვლი ნიშნავს, რომ მათ აქვთ დასალევი. ექვსი წლის გოგო გარდაიცვალა გაუწყლოების გამო. ეს არის ევროპა, 2022 წელს. როგორ შეიძლება ეს მოხდეს?!"

ორლოვის ცნობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები გარდაცვლილებს მასობრივ საფლავებში კრძალავენ.

ქალაქი ბლოკადაში

რუსეთის ჯარმა მარიუპოლი 2 მარტს მოაქცია ალყაში. ქალაქი დაუნდობლად დაბომბეს. იქ დარჩენილი 400 000 ადამიანი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩა. ბევრ რაიონში გაითიშა გათბობა, სატელეფონო მომსახურება და ელექტროენერგია. 

კვირას, 13 მარტს წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ქალაქში დარჩენილებისთვის "დრო იწურება". 

"ისტორია სასტიკად შეაფასებს იმას, რაც ახლა ხდება მარიუპოლში, თუკი მხარეები შეძლებისდაგვარად სწრაფად ვერ შეთანხმდებიან", - ICRC-ის პრეზიდენტმა პიტერ მაურერმა.

მანვე მოუწოდა ბრძოლაში ჩართულ ყველა მხარეს, უპირველეს ადგილზე დააყენონ ჰუმანიტარული საკითხები. ჰუმანიტარულ დერეფნების საკითხი უკრაინამ არაერთხელ დააყენა, თუმცა მცდელობა რუსეთის მიერ დაბომბვის გაგრძელების გამო წარუმატებელი იყო.

მარიუპოლის ქალაქის საბჭოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან რუსულმა ძალებმა, დაახლოებით, 100 ბომბი ჩამოაგდეს ქალაქში. 

დოიჩე ველემ გამოაქვეყნა Maxar Technologies-ის სატელიტური სურათები, სადაც ჩანს ქალაქის დაზიანებული დაზიანებული ინფრასტრუქტურა. 

მარიუპოლი დაბომბვამდე და შემდეგ

ქალაქი მარიუპოლი დაბომბვამდე და შემდეგ

BBC ავრცელებს მარიუპოლის თავზე დრონით გადაღებულ კადრებს, სადაც რუსეთის თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი ჩანს. 

რას ნიშნავს მარიუპოლი მოსკოვისთვის?

ქალაქი, სადაც 461 810 ადამიანი ცხოვრობს, აზოვის ზღვის სანაპიროზე, დონბასის რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს შორის მდებარეობს. 

ის რუსეთის სახმელეთო და საზღვაო საზღვრებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქი, სადაც უკრაინის ერთ-ერთი დიდი საზღვაო პორტია, ქვეყნის უდიდესი ქალაქების ათეულში შედის.

დოიჩე ველე წერს, რომ მარიუპოლი ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია. მისი ორი ფოლადის ქარხანა, Illich Steel & Iron Works და Azovstal, უკრაინის ფოლადის წარმოების დიდ წილს იკავებს.

საპორტო ქალაქის აღება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის, რადგან ის უკრაინის აღმოსავლეთში, ოკუპირებულ ტერიტორიებს დააკავშირებს სამხრეთით ანექსირებულ ყირიმთან, რის შედეგადაც, აზოვის ზღვაზე სრული კონტროლს აიღებს. მარიუპოლს თავს დაესხნენ 2014 წელსაც, როდესაც დონბასის რაიონში ომი დაიწყო. მაშინ პრორურულმა ძალებმა უკრაინული ძალები ქალაქიდან გააძევეს, ერთი თვის შემდეგ კი უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.


close დახურვა