logo
ENG



ქალაქის განაშენიანების გენგეგმა - აქტივისტები მერს ტყუილში ადანაშაულებენ

14 ივლ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

გენგეგმაში ცვლილებები შედის და 8 ზონას სტატუსი ეცვლება. აქტივისტის, ნატა ფერაძის ინფორმაციით, თბილისის მერია ტყუის, როცა ამბობს, რომ ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმას კვლევებზე დაყრდნობით ცვლის. ნატა ფერაძე ამტკიცებს, რომ კვლევებმა საპირისპირო აჩვენა და 8 განაშენიანების ზონაში, რომელსაც დღეს საკრებულომ რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუცვალა, სინამდვილეში ნებისმიერი ტიპის მშენებლობა აკრძალულია. 

გენერალურ გეგმაში ცვლილებები საგანგებო ბრიფინგზე გააპროტესტა ლევან ხაბეიშვილმაც, მისი თქმით, მილიონობით კვადრატულ მეტრ სატყეო და სარეკრეაციო ზონას თბილისის მერი ძველ სტატუსს საკუთარი ბიზნესგეგმის შესასრულებლად უბრუნებს. უმეტეს შემთხვევაში საცხოვრებელ ან სარეკრეაციო ზონა #3-ის სტატუსს ანიჭებს, რაც ადგილზე მინიმუმ კერძო სახლის აშენების უფლებას იძლევა. 

თბილისის საკრებულოში ცვლილებების კანონპროექტი დღეს დაამტკიცეს. თბილისის მერის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ 2018 წელს, როცა გენერალური გეგმა დაამტკიცა 11 შეზღუდული ზონა განსაზღვრეს. გადაწყდა, რომ ამ ტერიტორიებზე განაშენიანება ქაოტური იყო და დამატებით კვლევას საჭიროებდა. ეს ადგილებია: დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონი, თბილისის ზღვის, გლდანისა და ლისის ტბის, ორთაჭალის ბაღებისა და აკადემქალაქის მიმდებარე ტერიტორიები. კვლევა ორი წლის შემდეგ დაასრულეს.  ვითხოვეთ დოკუმენტი, თუმცა გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

მერიის დასაბუთების არ სჯერა ოპოზიციას. ისინი დაგეგმილ და დამტკიცებულ ცვლილებებში მერის ბიზნესინტერესებს ხედავენ. 

სიმართლის მუშტს ჰპირდება ოპოზიციას საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ზარქუა. ის ამბობს, რომ ამ ცვლილებით, ასობით ადამიანი მიწის დაკანონებას შეძლებს. ამ მოთხოვნით, აქცია მერიასთან ერთი კვირის წინ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწების მფლობელებმაც გამართეს. 

სქელტანიანი დოკუმენტი, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, ინდივიდუალურ ნაკვეთებზე ზონის ცვლილებებსაც გულისხმობს. ერთ-ერთ საპროექტო ფოტოსურათზე ვკითხულობთ, რომ წავკისის ამ ტერიტორიაზე სტატუსის ცვლილებას თავად თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ეწინააღმდეგება.

 


close დახურვა