აჭარაში ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ ქმრის ოჯახი მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა, ამის თქმის შემთხვევაში კი ბავშვების წართმევით ემუქრებოდნენ.
სასამართლო პროცესამდე ქალმა თქვა, რომ ქმრის ოჯახი მას თავსაბურავის ტარებასაც აიძულებდა. მისი თქმით, ძალადობის გამო სუიციდი სცადა.
"ჩემმა მეუღლემ არასრულწლოვანი მომიტაცა და მოტაცების დღიდან მიდიოდა ჩემზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. ფსიქოლოგიური ძალადობა დედამთილის და მამათილის მხრიდან, ხოლო ფიზიკური - ქმრის მხრიდან. მემუქრებოდნენ, რომ თუ ვინმესთან ვიტყოდი ამას, წამართმევდნენ ბავშვებს და მუქარა იყო ჩემს ოჯახზე, რომ ჩემს მამას და ძმებს რამეს დაუშავებდნენ.
ჩემთან იყო ჩადრის დახურვის იძულება, მაიძულეს, რომ ჩადრით შევმოსილიყავი. გადავწყვიტე სუიციდი, მეგონა, სხვა გზა არ მქონდა. იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ ეს გამეკეთებინა. ექსპერტიზის შედეგად დაზიანებები დამტკიცდა", - ყვება დიანა ზოიძე.
ქმრის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.
კაცი ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებითაა დაკავებული. საქმეში ბრალდებულები არიან ქალის დედამთილი და მამამთილიც.