ქართულ ონლაინ-სივრცეში რუსული პროპაგანდისტული არხები გააქტიურდნენ. ონლაინ-გვერდები, ასევე ულტრამემარჯვენე ლიდერების ფეისბუკ-პროფილები, განსაკუთრებული აქტივობით იანვრის თვეში გამოირჩეოდნენ - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტში.
ორგანიზაციის დაკვირვებით, რუსული პროპაგანდისტული საცეცები მოსახლეობის ცნობიერებაზე შეტევას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ. ესენია: პრორუსული გზავნილები, კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერა, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მიზანმიმართული, მცდარი ინფორმაციების გავრცელებით, ქვეყანაში აგრესიისა და დაპირისპირების გაღვივება.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" იანვრის თვის ანგარიშის კვლევაში 9 ონლაინ ვებგვერდი, 15 ფეისბუქ-გვერდი და ულტრამემარჯვენე ლიდერთა 12 ფეისბუქ-პროფილი მოხვდა. კვლევის ავტორის თქმით, ბოლო პერიოდში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება მსგავსი შინაარსის გზავნილების გავრცელებას თვითონ აფინანსებს, შესაბამისად, ამ პრობლებს "ქართული ოცნება" არ მოაგვარებს და მსგავსი სახის ინფორმაცია საზოგადოებამ თავად უნდა დაბლოკოს.