ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.
ამის შესახებ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კობახიძის კანდიდატურას კენჭს შაბათს, 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე უყრიან.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ოცნების პოლიტსაბჭოს ახალი წევრები ეყოლება. ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, სხვებთან ერთად პოლიტსაბჭოში ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ნაცვლიშვილიც იქნებიან.
ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლისა და მის ადგილზე კობახიძის დანიშვნის შესახებ ფორმულამ ექსკლუზიური ინფორმაცია 17 დეკემბერს გაავრცელა. ინფორმაცია დღეს, 11 იანვარს ოფიციალურად დადასტურდა.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება.
ირაკლი კობახიძე ამ დრომდე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა მას 2019 წლის 21 ივნისს მოუწია, 20 ივნისის დარბევისა და ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა.