logo
ENG



ქართული ოცნების მომხრეები მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხესთან აქციას უწყობენ

16 ოქტ 202113:54
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის ციხესთან, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ქართული ოცნების მომხრეები აქციას მართავენ. 

ისინი აპროტესტებენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. 

აქციის ორგანიზატორი შაკო კუჭაშვილია, რომელიც პროსახელისუფლო და ანტიოპოზიციური აქტივობებით არის ცნობილი. 

აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა ფორმულასთან თქვა, ის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ მკვლელობებს აპროტესტებს, თუმცა, კონკრეტულად საუბარი არ შეუძლია. 

პროტესტის სხვა მონაწილემ კი ჟურნალისტს უთხრა, რომ მეტად შეგნებული უნდა იყოს. 

"ჩემი მოთხოვნაა, სამართლიანობა აღდგეს მაგ კაცის წინააღმდეგ" - ამბობს აქციაზე მყოფი კიდევ ერთი ადამიანი. 

ადგილზე არიან ის ადამიანები, რომლებიც თავს "სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიების" მსხვერპლად მიიჩნევენ, ასევე ანტიდასავლური გაზეთის, ასავალ-დასავლის ჟურნალისტები.

"გვინდა, შევახსენოთ ყველას, რა არის დანაშაული და რა არის პოლიტპატიმრობა. ფული არ მოგვიგროვებია, ეს აპარატურა - სააკაშვილმა ბევრი ადამიანი შეაწუხა, ბევრი ბიზნესმენი და უბრალოდ ადამიანი შეაწუხა. იმისი რესურსები საქართველოში ყოველთვის გამოინახება, რომ აპარატურა მოვიძიოთ". - ამბობს ასავალ-დასავლის წარმომადგენელი, ზაზა დავითაია. 

აქციაზეა ტრისტან წითელაშვილიც, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული.

წითელაშვილს ბრალად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დრის რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა. 

2013 წელს ქართულმა ოცნებამ წითელაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. 2016 წელს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ განაცხადა, რომ წითელაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ ქართული საიდუმლო სამხედრო ობიექტები ვიდეოკამერით გადაიღო, ხოლო ფირი რუსულ მხარეს გადასცა.


close დახურვა