logo
ENG



ქართული ოცნების ოფისთან პირველი არხის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

12 ივლ 202123:09
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ოფისთან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს. 

ის ადგილზე საპროტესტო აქციაზე მივიდა. მას ქართული ოცნების ოფისთან ახლოს მისვლა სურდა, თუმცა, ამის საშუალება არ მიეცა.

პოლიციელმა მას მოუწოდა, რომ დაეტოვებინა ტერიტორია, თუმცა, აბსანძე ამ მოწოდებას არ დაემორჩილა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. 

მას პოლიციელებმა მაისური შემოახიეს. 

ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში ღიად აპროტესტებს ხელისუფლების ქმედებებს - 5 ივლისის ძალადობას და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს. 

აბსანძის გარდა დაკავებულია კიდევ 11 ადამიანი. 

შსს ამტკიცებს, რომ დემონსტრანტები, რომლებიც 5 ივლისის სასტიკ ძალადობას და პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებენ, შეკრების და გამოხატვის უფლების კანონით დადგენილ ფარგლებს გასცდნენ. 

ქართული ოცნების ოფისთან აქციამ რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლა. 

აქტივისტებმა მმართველი პარტიის შენობას წითელი საღებავები და კვერცხები ესროლეს. 

ადგილზე მობოლიზებულმა პოლიციამ აქტივისტებს არ მისცეს პლაკატების და სტენსილების შეტანის უფლება, წარწერებით: ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლა ლექსო ლაშქარავა

***

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს, გამთენიისას ნახა. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. 

გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზას მისი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს. 

შსს უკვე 2 დღეა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, პოლიციამ ტელეოპერატორი არ დაიცვა. 

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცემის და ოპერაციის შემდეგ ლექსო ლაშქარავას ძლიერი ტკივილები ჰქონდა. 

სანამ შსს ნარკოტიკებით ზედოზირების საკითხს წამოწევდა,  ეს ვერსია პრორუსულ, შავრაზმულ, პროსახელისუფლებო მედიაში ვრცელდებოდა. 

მაგალითად, მარშალპრესით გავრცელდა ვინმე იოსებ ხიმშიაშვილის განცხადება, რომელსაც mpn.ge პოლიტიკოსად მოიხსენიებს და რომელიც ამბობს:

"გარდაცვლილი ლაშქარავა იყო ნარკომანი, რაც იცის ყველამ, მათ შორის მისმა მეგობრებმა იყო მეტადონის პროგრამის მონაწილე სულ არ იქნება გასაკვირი, რომ ის იყოს გარდაცვლილი "პერედოზით". 

იმავე შინაარსის კომენტარებს წერდნენ სხვადასხვა გვერდზე პროსახელისუფლო განწყობების მქონე ადამიანები და ტროლ-ანგარიშები. 


close დახურვა