ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ გიორგი ხელაშვილმა გააკეთა, რომლის თქმითაც, მსჯელობის თემა არ იქნება ამნისტიის კანონი, ვინაიდან მის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
"დღის წესრიგის მთავარი საკითხებია, როგორ ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ - ამ დოკუმენტის სულისკვეთების და მისი პუნქტების ბოლომდე შესრულება.
და მეორე - განვიხილავთ ქართული ოცნების ლიდერების ძალიან წარმატებულ ვიზიტებს აშშ-სა და ბრიუსელში.
ვფიქრობ, რომ ამნისტია და მსგავსი საკითხები არ დაიკავებს მსჯელობის დიდ ადგილს, ვინაიდან დოკუმენტში საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი, რა და როგორ უნდა მოხდეს". - თქვა გიორგი ხელაშვილმა.
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერა. დოკუმენტის ერთერთი პუნქტი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს. მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.
