საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მთავარი არხის ჟურნალისტის მიმართ ირაკლი კობახიძის აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია ჟურნალისტისადმი ამგვარი დამოკიდებულება და დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.
"ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.
ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება"- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
მმართველი გუნდი ჟურნალისტებზე თავდასხმას აგრძელებს. ამჯერად, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს - "გულისამრევი" და "სამარცხვინო".
მომხდარის შემდეგ პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კობახიძეს გამოექომაგა და მისი საქციელი გაამართლა.
მდინარაძეს მიაჩნია, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა უფრო მწვავე შეურაცხყოფაც დაიმსახურა, რადგან თავად შეურაცხყოფა კობახიძე. მან ჟურნალისტებს "ფსკერი და კრემლის სასარგებლო იდიოტები" უწოდა.