რუსეთი ქერჩის სრუტეში გატაცებულ უკრაინულ გემებს კიევს უახლოეს სამ კვირაში დაუბრუნებს. დაპატიმრებული ხომალდები კიევს 9 დეკემბერს დანიშნული ნორმანდიული სამიტის დაწყებამდე უნდა დაუბრუნდეს. ინფორმაცია მედიამ გაავრცელა, მოგვიანებით კი ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ დაადასტურა.
საუბარია სამხედრო ხომალდებზე, რომლებიც რუსეთმა ეკიპაჟთან ერთად 2018 წლის 25 ნოემბერს აზოვის ზღვაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დააპატიმრა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ხომალდების დაბრუნების პროცესი დასკვნით ეტაპზეა. საპირისპირო განცხადებას აკეთებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ლავროვის უწყება ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრას და გემების გადაცემის პროცესს შორის კავშირს უარყოფს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.