logo
ENG



ქობულეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამ ბოიკოტი გამოაცხადა

19 დეკ 202212:27
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრების განცხადებით, საკრებულოს სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაიყვანენ.

"ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას, როცა რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და პირადად ვლადიმერ პუტინი ხელისუფლების აღსრულებით სიკვდილით სჯიან მესამე პრეზიდენტს. მაშინ, როცა ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ევროინტეგრაციის საკითხით, მიზნების მისაღწევად კონკრეტულ რეფორმებს ატარებდეს", - აცხადებს ქობულეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია.

ქობულეთის ენმ-ს ფრაქციის წევრების თქმით, ისინი დღეიდან გადადიან საკრებულოს ბოიკოტის რეჟიმში. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ კაბინეტებიდან უყურონ თუ როგორ ინგრევა ქვეყანა ყოველდღიურად და თუ როგორ კლავენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

14 დეკემებერს, პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე დაიმუქრა.

გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.


close დახურვა