ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული რვა პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, ოთხის კი დამაკმაყოფიკებელი- ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.
მედიკოსები სამი საეჭვო პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ბოლო ორი შემთხვევიდან ერთ-ერთი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია. მეორე კი სამტრედიის ცხელების ცენტრიდან შემოიყვანეს. პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია.
„გუშინ ღამის საათებში შემოიყვანეს ორი პაციენტი - ქალი და კაცი. სამი პაციენტი წევს, რომლებიც კვლევას გადიან და არიან დადგენილი პაციენტების კონტაქტები. დღეს იქნება მათზე სადიაგნოსტიკო კვლევები. რვიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, აქვთ პნევმონია", - აცხადებს თეიმურაზ ნადირაძე.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ 19-ით რვა პაციენტი მკურნალობს. აქედან სამის დაინფიცირების წყარო ჯერ გამოკვლეული არ არის.
სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 46 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია სამი პაციენტი.