logo
ENG



ქუთაისის მცხოვრებლები დღეს საშვების მოპოვებას დისტანციის დარღვევით ცდილობდნენ

29 აპრ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

დისტანციის დარღვევით, გრძელ რიგში და ქაოსში ცდილობდნენ ქუთაისის მცხოვრებლები დღეს ქალაქიდან გასვლის უფლებისა და საჭირო საშვების მოპოვებას. სიების შედგენისა და საშვების გაცემის პროცედურამ ოპოზიციას შევარდნაძის დროინდელი საპასპორტო რიგები გაახსენა. ორდღიანი პაუზის შემდეგ, ქალაქების დახურვის შესახებ სანქცია ისევ ამოქმედებულია და ქუთაისის ცენტრში შეკრებილებს კი ქალაქის დატოვების უფლება, ნაკვეთებში წასასვლელად და საგაზაფხულო სამუშოებისთვის სჭირდებათ. 

ბიუროკრატიის გამო, ხელისუფლებამ მის მიერ პანდემიის საფრთხიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვები თავადვე დაარღვია. არადა ადგილობრივები საშვების გაცემის პროცედურის გამარტივებას გასული კვირიდან ითხოვდნენ. არსებულ პირობებში, თუ ნებართვის მთხოვნელთა რაოდენობა მოიმატებს, არ არის გამორიცხული, საშვის გაცემის დრო კიდევ უფრო გახანგრძლივდეს და საგაზაფხულო სამუშაოების პიკი გლეხებისთვის მიწის დამუშავების გარეშე დასრულდეს.

ქუთაისის მერიასთან შექმნილი ვითარების გამო ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობა თავად ქმნის ინფიცირების კერებს. მერია საკმარისი რაოდენობის თანამშრომლებს არ გამოყოფს, იმისთვის რომ მოქალაქეთა რიგი არ შეიქმნას. 

ქუთაისის მერიაში ირწმუნებიან რომ თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საშვები მოქალაქეებმა დროულად მიიღონ. მხარის გუბერნატორი კი საშვის მიმღებთა სიმრავლეს მოქალაქეთა არაკეთილსინდისიერებას უკავშირებს.

მოქალაქეები დოკუმენტს მას შემდეგ მიიღებენ, რაც ქალაქიდან გასვლის საჭიროებას მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად განიხილავს.


close დახურვა