logo
ENG



ღაზას სექტორმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა - გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში

09 ოქტ 202314:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/09/tg3p5ejwpx4ovb1.jpeg

ისრაელის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის იერუსალიმსა და თელ-ავივში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. განგაშის სირენები მას შემდეგ ჩაირთო, რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ჰამასმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ, 2 ქალაქის - აშდოდისა და აშკელონის მიმართულებით 120 რაკეტა გაისროლა.

გავრცელებული ცნობით, იერუსალიმში 3 აფეთქების ხმა გაისმა. რაკეტები ჩამოვარდა თელ-ავივშიც, ბენ გურიონის აეროპორტის ტერიტორიაზე.

ამ დროისთვის, ისრაელის არმიამ ღაზის ბარიერის გასწვრივ ყველა ებრაულ დასახლებაზე აღადგინა კონტროლი, თუმცა გარკვეულ ადგილებზე შეტაკებები გრძელდება. არმია ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც დაჯგუფება ჰამასის სრულ განადგურებას გულისხმობს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. რეგიონს აღარ მიაწვდიან ელექტროენერგიას, სურსათსა და საწვავს. 

გასული 48 საათის განმავლობაში, არმიაში 300 ათასი რეზერვისტი გაიწვიეს, 100 ათას კაციანი შემადგენლობა კი უკვე იმყოფება ღაზის სექტორთან. იქვე მობილიზებულია ისრაელის მძიმე ტექნიკა.

"ისრაელის სახელმწიფო ახლა რეაგირებას ახდენს დანაშაულებრივ და სასტიკ თავდასხმაზე. ტერორისტების შეჭრა კერძო სახლებში და ქალებისა და ბავშვების წაყვანა არის ტერორიზმი. ჩვენ ვახორციელებთ შეტევას და ვაყენებთ ზიანს მხოლოდ მათ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ფასი იქნება ძვირი. ვიცი, ბევრი შეკითხვა და სასოწარკვეთილება არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარება. ახლა ომის დროა და არა ოპერაციის. ჩვენ გავიმარჯვებთ და მივაღწევთ საჭირო მიზნებს", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის მხარეს 1 200-ს აღწევს. მხოლოდ ისრაელის მხარეს 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, პალესტინელთა მხარეს კი 500 დაღუპულია. 

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა