17 სექტემბრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის დრონები და საკრუიზო რაკეტები გამოიყენეს - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 16 საჰაერო სამიზნიდან 12 ჩამოაგდეს.
საჰაერო ძალების განცხადებით, 6 ირანული წარმოების შაჰიდის ტიპის დრონი სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებებიდან ისროლეს, ხოლო 9 Tu-95ms ტიპის რაკეტა ენგელსიდან - უწყების ინფორმაციით, დარტყმების მთავარი სამიზნე ოდესის სამხრეთი იყო.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 272 320 ჯარისკაცი დაკარგა - გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა, მათ შორის ჯამში 4620 ტანკი, 8828 ჯავშანტექნიკა, 6003 საარტილერიო სისტემა და სხვა.