logo
ENG



ღარიბაშვილი: EU-ის კითხვარი დავასრულეთ, შევსებულ დოკუმენტს ჰარცელს პირადად გადავცემ

02 მაი 202211:28
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კითხვარზე მუშაობა დაასრულა. 

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ შევსებულ დოკუმენტს ელჩ კარლ ჰარცელს პირადად გადასცემს. 

"მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით, პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ეს იყო ძალიან შრომატევადი საქმე და ჩვენ ეს წარმატებულად დავასრულეთ.

ახლა მიმდინარეობს მუშაობა მეორე ნაწილზე, რომელიც კიდევ უფრო ვრცელი დოკუმენტია, დაახლოებით 2 300 კითხვა არის მოცემული და 33 თავისგან შედგება მეორე ნაწილი ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით, ამიტომ ამ მეორე ნაწილს ჩვენ 13 მაისამდე, უფრო ადრეც გადავცემთ ევროკავშირს". - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი კი 11 აპრილს გადაეცა. 

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.


close დახურვა